18 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ევროკავშირი საჰაერო საზღვარს საქართველოს ივლისიდან გაუხსნის - წინასწარ სიაში ვერ მოხვდნენ აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი

საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელთაც ევროკავშირი პირველი ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას, ფრანგული გამოცემა "ლე მონდი" ავრცელებს. საბოლოო სია ოფიციალურად ორშაბათს ხმათა უმრავლესობით უნდა დამტკიცდეს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ წინასწარ მონაცემებში ვერ მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი, ქვეყნები სადაც "კოვიდ-19"-ის პანდემია მწვავე ფაზაშია.

ევროკავშირში, საზღვრების გახსნის პარალელურად დღის წესრიგში პანდემიის შედეგად გაჩერებული ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის საკითხი დგას, ამისთვის ევროგაერთიანებამ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად 5 მილიარდი ევრო გამოყო. ამ თანხით ქვეყნებმა პანდემიით მიყენებული ზარალის ნაწილობრივ აღმოფხვრა უნდა შეძლონ.

covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები ევროპაში კვლავ მზარდია, თუმცა ევროპის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ვაქცინას წამყვანი სამეცნიერო კვლევითი ცენტრები დროულად შექმნიან და საზღვრების გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის პროცესი არ შეფერხდება.

ოპტიმისტური მოლოდინების პარალელურად ესპანეთში 419 ახალი კოვიდ პაციენტია, გარდაიცვალა 8 ინფიცირებული, სტაბილურად მზარდია ახალი ინფიცირებულების მაჩვენებელი გერმანიაშიც, ქვეყანაში პანდემიის კერები კვლავ ჩნდება, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ვირუსის გავრცელების შეჩერებას ახერხებს.

იმ გზას, რაც პანდემიის აფეთქებისას ევროპამ გაიარა, ახლა სამხრეთ ამერიკის ქვეყნები გადიან. ახალი წითელი ზონა ამჯერად სწორედ სამხრეთ ამერიკის კონტინენტია. ბრაზილიაში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში 38, 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ამავე პერიოდში 1,109 პაციენტი ემსხვერპლა. კატასტროფულად მზარდია შემთხვევათა რაოდენობა პერუში, ჩილესა და კოლუმბიაში.

კაცობრიობა შესაძლოა უწინდელ ცხოვრების სტილს მალე დაუბრუნდეს - ამის იმედს კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერები იძლევიან. კოლუმბიის უნივერსიტეტში დასრულდა კვლევა, რომელიც ჰაერში კორონავირუსებზე Far ტიპის ულტრაიისფერი სინათლის სხივების ზემოქმედებას სწავლობდა. მკვლევარების განცხადებით, Far-UVC-ის კონკრეტული სიგრძის სხივები ჰაერში კორონავირუსისის 99.9 პროცენტს კლავს. ამასთან, საუბარია ისეთ გამოსხივებაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.

დღის ამბები