18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
"თუ არ გაათავისუფლებენ რურუას, "ოცნება" მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს ვერ მიიღებს" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან სამოქალაქო მოძრაობების,  "სირცხვილიას" და "შეცვალეს" აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები 8 მარტის შეთანხმების შესრულების და გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ. 

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ტიტე გედენიძის განცხადებით, აქცია გაფრთხილებაა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის, რათა მან გაათავისუფლოს გიორგი რურუა. 

"დღევანდელი აქცია არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია ბიძინა ივანიშვილისთვის. მან უნდა გამოიჩინოს მისთვის უცნობი პოლიტიკური გონიერება და მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოუშვას გიორგი რურუა. ვინაიდან, 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, საჭიროა ორივე ნაწილის შესრულება,"-აცხადებს აქტივისტი. 

მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ნიკა ფარულავა კი აცხადებს, რომ თუ გიორგი რურუას  არ გაათავისუფლებენ, "ქართული ოცნება" მშვიდ სწინასაარჩევნო გარემოს ვერ მიიღებს. 

"ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს, რომ თავიდან ბოლომდე უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. იმ შემთხვევაში, თუ პირობები სრულად არ შესრულდება, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება. ამ პირობებში წერია, რომ უნდა გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი. ერთ-ერთი პოლიტპატიმარია გიორგი რურუა და თუ ამ შეთანხმებას არ შეასრულებს ხელისუფლება, ის ვერ მიიღებს წინასაარჩევნოდ მშვიდობიან გარემოს,"-განაცხადა ნიკა ფარულავამ.

"სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება აუცილებელია, რადგან ქვეყანაში პოლიტპატიმრის არსებობა ქვეყნის იმიჯს აზარალებს. 

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ერთის მხრივ, პარლამენტმა უნდა მიიღოს მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილება და თითქმის პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ, რაც არის ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის, და, მეორეს მხრივ, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, იმიტომ, რომ პოლიტპატიმრის არსებობა ქვეყნის იმიჯს ძალიან აზარალებს. მათ იციან, რა შეუძლია საზოგადოებრივ პროტესტს და არა მგონია, რომ კიდევ ერთხელ გარისკონ 20 ივნისის ერთი წლის თავზე მსგავსი, ფიზიკურად აღარ აქვს "ქართულ ოცნებას" რესურსი, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აიტანოს,"- სამოქალაქო აქტივისტმა განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

"სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი კანონს მესამე მოსმენით მიიღებს.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დაკვეთა შესრულდეს და ქვეყანა გადავიდეს თითქმის პროპორციულ არჩევნებზე, ჩვენ ამისთვის 1 წლიანი ბრძოლა გავიარეთ. ერთხელ გადაგვაგდო ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ახლა გვაქვს იმის იმედი, რომ მესამე მოსმენით პარლამენტი მიიღებს ამ ცვლილებას,"-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ფინალური, მესამე მოსმენით კენჭისყრა შედგება. საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩატარება უნდა უზრუნველყოს, ძალაში შესასვლელად 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ცვლილებების პროექტის თანახმად, მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, 2020 წელს არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

ამასთან, 2020 წლის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარების შესახებ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას 2020 წლის 8 მარტს მიაღწიეს. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაც იყო, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.

გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, გიორგი რურუა კი, ამ ეტაპზე, ისევ ბრალდებულია და პატიმრობაში რჩება. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. 

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები