18 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს მონიტორინგი, რომ არ განმეორდეს ამომრჩევლის დაშინებით საარჩევნო პროცესზე ზემოქმედება - ბადრი ჯაფარიძე

პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას მოუწოდა გააგრძელოს საარჩევნო პროცესის მონიტორინგი, რათა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ამომრჩევლის დაშინებისა თუ სხვა უკანონო გზებით მხარდაჭერის მოპოვება. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ნორმალურ საარჩევნო გარემოს, თუ გაგრძელდა ადმინისტრაციული და სხვა რესურსების გამოყენება წინასაარჩევნოდ. 

"თავისთავად, ეს ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს საქართველოში ნორმალურ საარჩევნო გარემოს, თუ ფეხქვეშ იქნა გათელილი კანონის უზენაესობა და გაგრძელდა ადმინისტრაციული თუ სხვა, აბსოლუტურად უკანონო რესურსების გამოყენება საარჩევნო პროცესამდე და საარჩევნო პროცესში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს მონიტორინგი, რომ არ განმეორდეს ის ცუდი პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა ადამიანების უკანონოდ ჩართვა, ამომრჩევლის დაშინება და შესაბამისად, ზემოქმედების მოხდენა საარჩევნო პროცესზე. ჩვენ ყველამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მივიდეთ ნორმალურ საარჩევნო გარემომდე," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებებს 117-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო - 3 წინააღმდეგი იყო.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები