1 ივლისიდან ევროკავშირი საზღვრებს საქართველოსთვის ოფიციალურად ხსნის. საქართველო დასახელდა იმ 15 ქვეყანას შორის, რომლებზეც ევროკავშირი წევრი სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციას გასცემს, დაიწყონ საზღვრების გახსნა. ევროკავშირის საბჭომ ორი სია შეადგინა - ერთი იმ ქვეყნების, რომელთა მოქალაქეებიც გადაადგილებას შეძლებენ, მეორე კი მათთვის, ვისთვისაც საზღვრები ჯერ კიდევ ჩაკეტილია.
სიაში მოხვედრის შემდეგ გადმოიწევს თუ არა საქართველოში საზღვრების გახსნის თარიღი? - საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ევროპელი პარტნიორების დასკვნის შესაბამისი იქნება. საქართველო უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განაგრძობს კონსულტაციებს, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად კოორდინირებულად და შეთანხმებულად მოხერხდეს უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
ოპოზიცია ხელისუფლებას რეგულარული ფრენების აღდგენისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ჩაკეტილმა საზღვრებმა ქვეყანას მძიმე ეკონომიკური ზიანი მიაყენა, დააზიანა ტურიზმიც, ამ პრობლემის მოგვარება კი, მათი თქმით, მხოლოდ ფრენების აღდგენით შეიძლება.
ავიამიმოსვლის გაფართოებას აანონსებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტის გასაჯაროებამდეც ამბობდა, რომ საზღვრების გახსნის პროცესში სახელმწიფო, პირველ რიგში, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის პრინციპით იხელმძღვანელებს და ევროკავშირის რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს.
კონკრეტულად რა რეგულაციები დაუწესდებათ მოქალაქეებს? დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ შეზღუდვები მოლაპარაკებების შედეგად დაწესდება, თუმცა, მანამდე 2 კვირიანი კარანტინი ჯერ კიდევ ძალაში რჩება.
ევროკავშირის სიაში მოხვედრის პარალელურად, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც.
ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე საქართველოს მთავრობამ რეგულარული საერთაშორისო ფრენები პირველ აგვისტომდე გადადო. ამის მიზეზად მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა.
საქართველოში ავიამიმოსვლა, გამონაკლისების გარდა, 20 მარტიდან კორონავირუსის საფრთხის გამო შეჩერდა.
ავტორი: სალომე უერთაშვილი