სანაპირო ზოლზე სოციალური დისტანციის დაცვა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ზღვაზე დამსვენებლების ჭარბი რაოდენობა, ჯერჯერობით, არ არის, თუმცა უსაფრთხო დისტანციის დაცვა მოთხოვნასთან ერთად, უკვე პრობლემაც გახდა. მოქალაქეები პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვის გათვალისწინების საჭიროებაზე საუბრობენ, მაგრამ ამბობენ, რომ მათ თავადაც ხშირადაც არღვევენ.
სოციალური დისტანციის დაცვა ერთ-ერთია იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ზღვის სანაპირო ზოლისთვის შეიმუშავა. დოკუმენტი როგორც დამსვენებლებს, ისე ადგილზე დასაქმებულ ადამიანებს და სავაჭრო ობიექტებს ეხება. ახალი რეკომენდაციით, აიკრძალა შეზლონგისთვის განკუთვნილი რბილი გადასაფარებლების გამოყენება, საჭირო გახდა წყლის ტრანსპორტის, შეზლონგის, ქოლგის ან სხვა ატრიბუტების გამოყენების შემდგომ სპეციალური ხსნარით გაწმენდა, ასევე, სანაპირო ზოლზე სავალდებულო გახდა ფეხით მოსიარულეთა ბილიკების განსაზღვრა.
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მალე დამსვენებლებისთვის COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ სპეციალური ბანერები განთავსდება, დამონტაჟდება ხმოვანი შეტყობინებებიც. რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლს ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, ბულვარის მონიტორინგის ჯგუფი განახორციელებს.
პანდემიის პირობებში, რამდენიმე თვეა უკვე სპეციალური რეკომენდაციებით მუშაობენ სავაჭრო ობიექტებიც. კაფე-ბარების მფლობელები ამ კუთხით ბიზნესისთვის მიყენებულ ზარალზე და პრობლემებზე საუბრობენ.
დამსვენებლების უსაფრთხოებისთვის, ასევე, აუცილებელია, სანაპირო ზოლის ნარჩენებისგან პერიოდულად დასუფთავება, დასუფთავებაში მონაწილე პირი კი, სავალდებულოა, ხელთათმანებით, სახის დამცავი ფარით ან ნიღბით იყოს აღჭურვილი.