18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
შსს: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასრულების შემდეგ შესაძლოა საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე გრძელდება. 

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, ვალდიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს. 

"საქმის მოცულობის და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ინტენსივობის გათვალსიწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას აგრძელებს საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის  დადგენის შემდგომში, შესაძლოა შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე ვასაჯაროებთ 112-ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.

რაც შეეხება ადგილზე მისულ პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ჩადენისთვის, ბრალი წარედგინა 17 პირს, რომლებიც დღეის მდგომარეობით რჩებიან პატიმრობაში. სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. კერძოდ, საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის:

• გამოკითხულია 93 პირი;

• გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში, 40 პირისგან - ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

• ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;

• მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;

• ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი;

• საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.

აქვე, მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად." - განაცხადა ბორცვაძემ

დღის ამბები