ცხელება, სუნთქვის გართულებული ფორმები და პნევმონია, მარტო COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ არის. ასეთი გამოვლინება შეძლება ჰქონდეს "შავ ჭირსაც", რომელმაც კორონავირუსის პარალელურად, ჩინეთში იჩინა თავი. ინფიცირებულია 2 ადამიანი. პაციენტს ბაქტერია მღრღნელისგან გადადო. ქვეყანაში გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები და მესამე დონის განგაში გამოაცხადეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანა კორონავირუსის შემდეგ, ახალი გამოწვევის წინაშე დადგა
"შავი ჭირი" კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციად ითვლება. იგი ბაქტერიით განპირობებული დაავადებაა, რომელიც ადამიანებს ინფიცირებული ცხოველებისგან გადაეცემათ.
სპეციალისტების ამბობენ, რომ ბაქტერია ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის და სამედიცინო მსოფლიომ უკვე იცის დაავადების წინააღმდე ბრძოლის იარაღი. "შავი ჭირის" შემთხვევაში COVID-19-ისგან განსხვავებით მკურნალობის პროტოკოლი არსებობს და მასზე ანტიბიოტიკებიც მოქმედებს, მაგრამ თუ ადამიანს COVID-თან ერთად შავი ჭირი დაემართება, ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყოს.
შავი ჭირის ენდემური ორი კერა საქართველოში დღემდე არსებობს. ერთ-ერთი უფრო აქტიურია, მეორე კი - ნაკლებად. "შავი ჭირის" შემთხვევა, საქართველოში ბოლოს, დაახლოებით 1922 წელს, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ ადგილზე ვითარება მუდმივად კონტროლდება.
COVID-19-ის პარალელურად, დამატებით, სხვადახვა ვირუსის თუ ბაქტერიების გააქტიურება დამატებით შიშს იწვევს საზოგადოებაში. პანდემიით შეშინებული სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. საქართველოც დამატებით რეკომენდაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება.
"შავი ჭირის" ენდემური კერები არსებობს ამერიკაში, სომხეთში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, საბერძნეთში და თითქმის ყველა ქვეყანაში. მე-14 საუკუნეში შავმა ჭირმა 25 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. ინფექციისგან ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანი კვდება. გასულ წელს "შავი ჭირი" მონღოლეთში დაფიქსირდა და მისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.