საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი არასრულწლოვნების იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მოთავსების საკითხთან დაკავშირებით განცადებას ავრცელებს.
ცენტრის განმარტებით, გადაწყვეტილება არასრულწლოვნის კარანტინში დატოვების, თუ თვითიზოლაციაში გადაყვანის შესახებ, არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, ყველა ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღება.
"იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება ითვალისწინებს არასრულწლოვნობის გამო პირის თვითიზოლაციაში გადაყვანის შესაძლებლობას. კერძოდ, "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მე-11 მუხლის 71 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, პირის თვითიზოლაციაში ყოფნის უპირატესობას ამართლებს არასრულწლოვნობა. ამავე დადგენილების მიხედვით, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის თვითიზოლაციაში გადაყვანის შესახებ იღებს საცხოვრებელი გარემოს შესწავლისა და თვითიზოლაციისთვის შესაფერისი საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
შესაბამისად, დადგენილების მიხედვით, გადაწყვეტილება არასრულწლოვნის კარანტინში დატოვების თუ თვითიზოლაციაში გადაყვანის შესახებ, მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2020 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინებად მიიჩნია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზემოაღნიშნული რეგულაციები, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული არასრულწლოვნის (მოსარჩელის) კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში ყოფნა გამართლებული იყო ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში გარანტირებულია, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებითაც, რომელიც ითვალისწინებს, საგამონაკლისო წესით, არასრულწლოვანი პირის კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანის შესაძლებლობას. სასამართლომ უკანონოდ არ მიიჩნია არასრულწლოვნისა და მისი მშობლების კარანტინში განთავსების შესახებ სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქმედება და აღნიშნა, რომ პირის არასრულწლოვნობა მისი თვითიზოლაციაში ყოფნის უპირობო საფუძველს არ წარმოადგენს. არასრულწლოვნის იზოლაციის ფორმის განსაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული საქმის გარემოებების სრულყოფილად შეფასებისა და შესწავლის შედეგად.
აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აგრძელებს არასრულწლოვნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მათივე საუკეთესო ინტერესებისა და კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით მიღებას, ნათქვამია განცხადებაში.