გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ადვოკატი ამბობს, რომ "ტოიტა ქამრის" მარკის ავტომობილის ექვსივე მგზავრის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი.
მირიან ნიკოლაძე აქვე ამბობს, რომ ოჯახი პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნას ენდობა.
"გამორიცხულია, ის რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც სირბილის დროს, წაქცევის დროს, ესა რის წარმოუდგენელი. იმიტომ რომ დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან დამთავრებული ტანის არეში. შესაბამისად, ოჯახს ექნება დღეიდან კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ეს კვალიფიკაცია, რომელიც უკვე შემოგთავაზათ პროკურატურამ, ბუნებრივია კარგია. ეს არის სისხლის სამართლის სწორი კვალიფიკაცია, თუმცა ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით და შესაბამისად, ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო.
ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებაში, ანუ ექვსივე მათგანთან მიმართებაში, თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, რა თქმა უნდ,ა ჩვენ შემდგომ კვლავ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით მტკიცებულებების საფუძველზე რა პოზიცია გვექნება, მაგრამ დღესდღეობით, ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით,“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ ანალოგიური მოთხოვნა მერსედესის მგზავრებთან ვერ ექნებათ. თუმცა, თუკი გამოძიებით დადასტურდება, რომ აღნიშნულ პირებსაც შესაძლოა ჰქონდათ რაიმე სახის კონტაქტი, მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებენ,“ - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.