უკვე 10 წელია ცნობილი ქართველი პოეტისა და მსახიობის ოჯახში სიცარიელემ დაისადგურა. ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ხელოვანის მეუღლე თანაცხოვრების ბოლო წლებს იხსენებს და ამბობს, რომ სიკვდილის წინ მეუღლე კიდევ უფრო შეუყვარდა. გომელაური დღეს 50 წლის გახდებოდა.
"ყველა უყვარდა და სწორედ ამიტომ დაიმსახურა ყველას სიყვარული" - ასე ახასიათებენ ნიკოს გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრის მსახიობები. სწორედ ის ადამიანები, რომელთან ერთადაც ხელოვანმა სამსახიობო კარიერა დაიწყო. დღეს დიდუბის პანთეონში შეიკრიბნენ ახალგაზრდა მსახიობებიც, რომლებიც ნიკოს სპექტაკლებს პარტერიდან ადევნებდნენ თვალს და ოცნებობდნენ მასთან ერთად მდგარიყვნენ სცენაზე.
თეატრის გარდა ხელოვანმა კინომსახიობობითაც გაითქვა სახელი. "ანემია," "იდიოტოკრატია," "ყველაფერი კარგად იქნება," "რენე მიდის ჰოლივუდში" - ეს ის კინოპროექტებია, რომლითაც გომელაურმა საზოგადოებას თავი შეაყვარა. ბევრი როლი და უფრო მეტი ლექსი ყველას დაუტოვა. დღეს განსაკუთრებით პოპულარული მისი პოეზიაა.
სიკვდილზე, გზის დასასრულსა და დროის გაჩერებაზე სტრიქონებს ხელოვანის სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერილ ლექსებში ვხვდებით. ნიკო გომელაური 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.