საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება. დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც სიტყვით მიმართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.
საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას. სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე მინისტრი ისაუბრებს პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დღეს არსებულ ვითარებაზე.
"მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კოვიდ-პანდემიის პრევენციის მიმართულებით გადადგმულ ძალისხმევას და იმ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გადაიდგა დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით,“ - აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი.