18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
"ლელო" შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს 

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს.

როგორც პარტიის ლიდერებმა კახა კოჟორიძემ და გრიგოლ გეგელიამ ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, შაქარაშვილის საქმეზე დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად ყოველგვარი გონივრული ვადები იწურება. 

"ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს საზოგადოების მოთმინების უნარის გამოცდა და დაუყონებლივ მოჰფინოს ნათელი შაქარაშვილის საქმეს. ამასთან, კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყონებლივ დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

შაქარაშვილის საქმეში იკვეთება არასწორად წარმართული გამოძიების აშკარა ნიშნები, რაც არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებში კომპეტენციის ნაკლებობას თუ პროფესიულ შეცდომებს. სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთება სიმართლის გაყალბების და და მალვის ხელშეწყობა," - აღნიშნავენ "ლელოს" ლიდერები. 

ამასთან, "ლელო" სახელმწიფოში კრიმინალური მენტალიტეტის და დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს.

"ლელო" დაუშვებლად მიიჩნევს იმასთან შეგუებას, რომ სახელმწიფოში ბრუნდება კრიმინალური მენტალიტეტი და დაუსჯელობის სინდრომი. ჩვენ არ შევეგუებით "ქართული ოცნების" გამუდმებულ მცდელობებს, შერჩევითად აღასრულონ სამართალი, ჩაფარცხონ საქმეები და ხელი დააფარონ დამნაშავეებს. ამასთან, გიორგი შაქარაშვილის საქმე არ არის ბოლო პერიოდის ერთადერთი გახმაურებული საქმე, სადაც იკვეთება სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების კოლაფსი, რაც კიდევ უფრო ახალისებს დაუსჯელობის განცდას დამნაშავეებში, ხოლო დაუცველობის და შიშის შეგრძნებას - საზოგადოებაში.

მაგალითად, ორიოდე დღის წინ ჩვენ გავხდით მომსწრენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტობრივი აღიარებისა, რომ დეპუტატ კობალაძის ვაჟი მხოლოდ მას მერე დააკავეს, როდესაც მედიაში, ზეწოლის მიუხედავად, გავიდა ინფორმაცია მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ, რომელშიც სავარაუდოდ სწორედ დეპუტატის ვაჟი ფიგურირებს. 

ამ და სხვა საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ ხელისუფლების მცდელობები, პოლიტიკურად აღასრულოს მართლმსაჯულება და ხელი დააფაროს დამნაშავეებს, სისტემატიურ და სისტემურ ხასიათს ატარებს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ დაუყონებლივ დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი,"- განაცხადეს დღეს "ლელოს" ლიდერებმა .

დღის ამბები