პოლიცია გაქცეულ ბრალდებულს ეძებს - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პატიმარი რამდენიმე დღის წინ გაექცათ. ბრალდებულმა მიმალვა იმ დროს შეძლო, როდესაც სამართალდამცველებმა ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის სასამართლოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზაალ ძაგანიშვილი პოლიციას ავტომობილიდან გაეპარა. კონკრეტული მიზეზი, რა ვითარებაში მოხდა დანაშაული, უცნობია.
განცხადება გაავრცელა გენერალურმა პროკურატურამაც, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს ძიება იმისთვის, რომ დადგინდეს კონკრეტული პოლიციელები ბრალეულობის საკითხი, რომელთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა პატიმარი.
ფაქტი 12 ივლისს მოხდა. არსებული ვერსიით, მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული.
"მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე, სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის, მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე," - ნათქვამია განცხადებაში.