საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო. პრეზიდენტმა მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო და საქართველოს მოსახლეობას ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდიდან მიულოცა.
"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული - ვლაქერნობა, რომელიც მართლაც უდიდესი დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ, ზუგდიდი და მცხეთა ის ორი წმინდა ადგილია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქერნობის დღესასწაულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ღვთისმშობლის კვართი ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი წმინდა ადგილია და ჩვენი ქვეყანა შეიძლება რელიგიური ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რელიგიური ტურიზმის მიმართულებას და ამაზე, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საპატრიარქომ უნდა იმუშაოს, რაზეც მათ პრეზიდენტის სრული მხარდაჭერა ექნებათ.