18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
ელექტრონული კომუნიკაციების პროექტს ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა უმრავლესობის ხმებით დაამტკიცა.

განხილვის პროცესშივე დაკონკრეტდა, რომ პროექტს არც ოპოზიციის და არც დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა არ ექნებოდა, არგუმენტად აღსრულების მექანიზმის ბოროტად გამოყენების რისკი და საკუთრების უფლების შეზღუდვა დასახელდა.

მთავრობის მომხსენებელს კანონმდებლებმა კითხვები დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობაზე და დროებითი მმართველის დანიშვნის პროცესში სასამართლოს როლზეც დაუსვეს.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ნაწილი საკითხისადმი განსაკუთრებულ დაინტერესებაში დადანაშულა და კომიტეტის სხდომაზე სადაც კანონპროექტის განხილვა შედგა, ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა. საუბარია სერგი კაპანაძეზე, რომლის ძმაც "კავკასუს ონლაინის" იურისტია. პროვაიდერ კომპანიას არსებული ინფორმაციით, კომისია რამდენიმე დარღვევაში ადანაშაულებს.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ დაზუსტდა, რომ დროებით მმართველს არ ექნება წილების გასხვისების უფლება მისი დანიშვნა კი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სასამართლოს გავლით შეეძლება.

მმართველი კომპანიაში ერთი გაფრთხილების და სამჯერ დააჯარიმის შემდეგ შევა, სადაც საქმიანობას კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაგრძობს. ბიზნესის წარმომადგენლები პროექტში ასახულ კორექტივებს კომპრომისულ ვარიანტს უწოდებენ.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ხვალ უკვე მეორე მოსმენით იმსჯელებს .

დღის ამბები