27 დეკემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ახალი დეტალები - ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე, ჩვენებების მიხედვით საბრალდებო სკამზე შესაძლოა სამი პირი აღმოჩნდეს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ამ დრომდე ბურუსით მოცული საქმე - "კურიერმა" საქმის 18 ტომი შეისწავლა და 6 მოწმის ჩვენების მიხედვით საბედისწერო ღამე აღადგინა. აღმოაჩინა, რომ მთავარ კითხვაზე პასუხს თავად ბრალდებულები ამბობენ. 

"ტოიოტა ქამრის" მგზავრები - არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახო ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი და ერთი არასრულწლოვანი, გამოძიებასთან დეტალურად იხსენებენ შემთხვევის ადგილას გადაადგილების ტრაექტორიას.

ჩვენებებიდან იკვეთება იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც მოკლული გიორგი შაქარაშვილი არაგვის ხიდის ქვეშ ასფალტიან ვიწრო გზაზე ბოლოჯერ ნახა და ეს ვახტან ჩიქოვანია.

არასრულწლოვანი ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ სწორედ ჩიქოვანისგან შეიტყო ფეხბურთელის გაუჩინარების ამბავი.

ამავე ჩვენების მიხედვით, ირკვევა, რომ ვიდრე "ტოიოტას" მარკის ავტომობილით ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილთან და კიდევ ერთი არასრულწლოვანთან ერთად მაგისტრალზე შემოტრიალდებოდა, ამ დროის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე გაქცეულების კვალდაკვალ აკაკი ქვრივიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი და აჩიკო გაგნიძე დარჩნენ.

იმ სამი პირისგან ვისაც არასრულწლოვანი ასახელებს, რომ ხიდის ქვეშ ჩაირბინეს, ერთ-ერთი აჩიკო გაგნიძე - მორაგბე ჩვენებაში ყვება, რომ ბრალდებულებიდან ორი მის წინ მირბოდა, ორი კი მის უკან. მისივე მონათხრობით, ოთხივე - "ტოიოტა ქამრის" უკანა სავარძლის მგზავრები იყვნენ, გამოდის, რომ მდევრებს შორის არ იყო მორაგბე ვასილ მახარაძე, რომელიც ავტომანქანა მართავდა. მორაგბე გაგნიძის ჩვენება ნაწილობრივ ემთხვევა, არასრულწოვანის ჩვენებას, თუმცა ის გამოძიებასთან გვარებს არ აკონკრეტებს.

სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა, რომელზედაც მორაგბე გაგნიძე საუბრობს, არასრულწლვანის მონათხრობის მიხედვით ქვრივიშვილი და ჩიქოვანი იყვნენ, თავის მხრივ არც ქვრივიშვილი უარყოფს, რომ ის ერთ-ერთი იყო ვინც შაქარაშვილს და მის თანმხლებ ახალგაზრდებს სდია.

მესამე პირი, რომელიც სავარაუდოდ, მათ შორის იყო, ვინც შაქარაშვილს სდია და ვისზეც არასრულწლოვანი ჩვენებაშიც ყვება, რომ სწორედ მან ნახა შაქარაშვილი რა მიმართულებით  წავიდა - ვახტანგ ჩიქოვანია, თავად ჩიქოვანი მომხდარზე ყველაზე ცოტას და ზედაპირულად საუბრობს, ის შაქარაშვილის საქმის ბრალდებული და ამავდროულად, დაზარალებულია. ჩიქოვანი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად მეგობრებთან ერთად მივიდა და დაპირისპირება გამოიწვია.

სწორედ ჩიქოვანია თბილისიდან ნაძალადეველების მცხეთაში ჩაყვანისა და შურისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი მეგობრების ჩვენებებით დადგინა ისიც, რომ ის არა მცხეთაში დარჩენილ ნაძალადეველებს, არამედ იმ ახალგაზრდებს ეძებდა, ვისთანაც აგარაკზე ჩხუბი მოუვიდა.

"ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მორაგბე ვასილ მახარაძეს, უბნელებისგან ოდნავ განსხვავებული ჩვენება აქვს და ისტორიას სრულად არ ყვება. ის კონფლიქტს თანმიმდევრულად, თუმცა სხვა ჩვენებებისგან განსხვავებულ არასრულ სურათს აღწერს. ამბობს, რომ ახალგაზრდებს ცენტრალურ მაგისტრალზე აჩიკო გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ვახო ჩიქოვანის ერთი მეგობარი მისდევდნენ.

ავტობანიდან მანქანის მობრუნების შემდეგ მახარაძე, მხოლოდ გურამ ამირხანაშვილის პოვნის ფაქტს ყვება და არ აზუსტებს ვინ იყო ის სამი პირი, რომელიც შაქარაშვილის დევნის შემდეგ ტრასაზე ამობრუნდნენ და მანქანში ჩასხდნენ.

ის, რომ შაქარაშვილსა და ვახო ახვლედიანს "ტიოიტას" მგზავრებიდან სამი პირი გაეკიდა - ამას ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებაც ადასტურებს. 

ჩვენებების დეტალური შესწავლისა და "ტოიტა ქამრის" მგზავრების მონათხრობების მიხედვით - "კურიერმა" აღადგინა არაგვის ხევში მომხდარი ბოლო საბედისწერო ეპიზოდი და დაადგინა რომ შაქარაშვილს 6 იდან სავარაუდოდ სამი პირი მისდევდა და ისინი "კურიერის" ვერსიით თავგატეხილი ვახტანგ ჩიქოვანი, მორაგბე არჩილ გაგნიძე და აკაკი ქვრივიშვილი იყვნენ.

არ არის გამორიცხული ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარე საქმეში ბრალი სწორედ მათ დაუმძიმდეთ.

რა დროის განმავლობაში გაგრძელდა გიორგი შაქარაშვილის, გიორგი ქათამაძის, გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის დევნა, უცნობია. გამოძიება ზუსტ დროს ჯერ ვერ აკონკრეტებს. სატელეფონო ანძების ამონაწერით დგინდება, რომ ვახო ჩიქოვანი დაპირისპირების წუთებში მის მეგობარ ნიკა ჟვანიას ურეკავდა, რომელიც ხელკეტით მერსედესის მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.

მერსედესი აგარაკიდან თორმეტ საათსა და 44 წუთზე გამოვიდა, რა დროსაც გამორიცხული არ არის ისინი მეგობრების დასახმარებლად ხიდის ქვეშ ჩასულიყვნენ, თუმცა ეს წერტილი სათვალთვალო კამერების არეალს ცდება.

დღის ამბები