რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა პაატა სალიამ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაშის და დვალი- აქიმიძის საქმე ხანდაზმულობის ვადებით განსხვავდება და ისინი სასმართლებლივი გზით ვერ დაამტკიცებენ ძალიან ბევრ დეტალს.
"მინდა ორი სიტყვით ვთქვა, რა ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ჯარჯისთან და დათოსთან, მას მერე, რაც დავა დავიწყეთ. 2015 წელს ჩვენ დავით დვალს შევთავაზეთ, რომ დროებითი მმართველი ყოფილიყო, იმ პერიოდიდან ქიბარი ცდილობდა მათთან ურთიერთობების დალაგებას, იყო გარკვეული მოლაპარაკებები, რომლის მიხედვითაც დავის დასრულების შემდეგ ქიბარი მათ კეთილი ნების საფუძველზე სთავაზობდა, კომპანიაში მონაწილეობას. ეს იყო 2015 წელს, 2019 წელს გაგრძელდა ეს მოლაპარაკებები და ეს შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ და თქვეს უარი.
ქიბარ ხალვაში მათ 40%-ს სთავაზობდა, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სამართლებლივი საფუძველი ამას არ ჰქონდა. ხალვაშის განცხადებით, ის მორალურ დისკომფორტს გრძნობდა.
როგორც ისინი აცხადებდნენ დაიჩაგრნენ ამ გარიგების გაფორმებისას, ვინაიდან ის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, რადგან ისინი კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ, ქიბარ ხალვაშს სურდა მათთან პარტნიორობა. მათ სურდათ, როგორც მინიმუმ საკონტროლო პაკეტი, 50%.
რაც შეეხება კოჟორიძის განცხადებას, კარგია რომ ის ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. თუმცა, აქ არის მნიშვნელოვანი განსხვავება რაც ამ ორ საქმეს იდენტურს არ ხდის: ხანდაზმულობის ვადები და თანხის გადახდის ფაქტები.
ხანდაზმულობის ვადებს რაც შეეხება, ჯერ კიდევ დევნილი ქიბარ ხალვაში იწყებს წილების დაბრუნების მოთხოვნით სამართლებლივ დავას, ამის პარარელურად აქიმიძე და დვალი არ მიდიან პროკურატურაში და არც დაობენ. ქიბარ ხალვაში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ 10 წლიანი ხანდაზმულობის ფარგლებში იწყებს სამოქალაქო წესით დავას, ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი.
პირველი, რომ მათი მოთხოვნა ხანდაზმულობის თვალსაზრისით არის დაგვიანებული და მეორე ყველაზე მთავარი ისინი ადასტურებენ თავიანთ ჩვენებებში, რომ საკმაოდ სოლიდური თანხები მიიღეს წილების სანაცვლოდ.
მე არ შემიძლია დავიცვა მათი ინტერესები, მე ვიცავდი ქიბარ ხალვაშის ინტერესებს და ვეხებოდით იმ გარიგებებს, რომელიც დაიდო ქიბარ ხალვაშის მიერ წილების დათმობისას.
ვიმეორებ, რომ ხანდაზმულობის ვადები, რაც მათ შემთხვევაში დარღვეულია და შეუძლებელია სასამართლომ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ასევე მათ მოუწევთ ახსნა განმარტება და მტკიცება, განსხვავებით ქიბარ ხალვაშის ადვოკატისგან ანუ ჩემგან, შეესაბამებოდა თუ არა ის ფასი საბაზრო ღირებულებას და იყო თუ არა რელევანტური ის თანხა,"- განაცხადა პაატა სალიამ.