ინსპექტირების შედეგად 69 სპორტული დარბაზი და 19 საცურაო აუზი დახარვეზდა. ობიექტებმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები ვერ დააკმაყოფილეს.
შრომის ინსპექტორებმა კონკრეტულ ადგილებზე დარღვევები სხვადასხვა მიმართულებით აღმოაჩინეს. განსაკუთრებული პრობლემა სოციალური დისტანციის დაცვა აღმოჩნდა.
5 დღეა რეკომენდაციების სრული დაცვით მუშაობს ოლიმპიური აუზი. აქ განსაკუთრებული ყურადღება დეზინფექციას და სოციალური დისტანციის დაცვას ექცევა. იძულებითი პაუზის შემდეგ ობიექტის წარმომადგენლები გაზრდილ ხარჯებზე საუბრობენ, რამაც მომსახურების ფასის გაზრდაც გამოიწვია.
ინსპექტირების შემდეგ საქმიანობის განახლების უფლება მიეცათ დახურულ საცურაო აუზებს. ობიექტები კონკრეტული პროტოკოლის დაცვით უკვე რამდენიმე დღეა მუშაობენ.
უსაფრთხოების წესების დაცვით მოეწყო შიდა სივრცე ფიტნეს დარბაზებში. უმთავრესი რეკომენდაციის - სოციალური დისტანციის დაცვის გამო, ფიტნეს კლუბებს ზოგიერთი ტრენაჟორის გაუქმება მოუწიათ. შესაბამისად, მწვრთნელები, როგორც მათი, ისე მომხმარებლებისთვის შექმნილ დისკომფორტზე საუბრობენ.
კონტროლის და აღსრულების სიმკაცრეზე აკეთებს აქცენტს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ ვირუსის მეორე ტალღის მოლოდინში კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
დახარვეზებულმა სპორტ დარბაზებმა და აუზებმა საქმიანობის განახლებისთვის შრომის ინსპექციას თავიდან უნდა მიმართონ. ინსპექტირების შემდეგ მათი გახსნა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.
ავტორი: თამთა ასანიძე