18 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
გადავწყვიტეთ ქვეწარმავლები რომ აღარ შემოსულიყო ეკლესიაში დაგვეგო რაღაც - წმ. ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი საფლავების და ფასადის დაზიანების შესახებ

ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტზე "კურიერთან" პირველი კომენტარი გააკეთა ტაძრის წინამძრვარმა. მამა იასეს თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მამა გიორგი ტაბაღუას დროს დაიწყო, რადგან ტაძარში ქვეწარმავლები იყვნენ მომრავლებული. 

"ტაძრის კედლები იყო დანგრეული, დაბლიდან ამოდიოდა ქვეწარმავლები, გველები შემოდიოდა ეკლესიაში. ჩვენ ამ საფლავზე გამოვაცხადეთ სოციალურ ქსელში, სუმბათაშვილებს გთხოვთ მობრძანდეთ, რომ ჩვენ გვინდა ამ იატაკის რესტავრაცია და როგორ გავაკეთოთ, თქვენ წინადადებებს ველოდებით. ველოდეთ 8 თვე. 8 თვეში მოვიდა 16 წლის პატარა გოგო, მეტი არავინ გამოჩენილა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეწარმავლები რომ აღარ შემოსულიყო ეკლესიაში, დაგვეგო რაღაც, იატაკი ხომ უნდა გაგვეკეთებინა?! თუ ვინმეს არ მოწონს, მე დღესვე შემიძლია ეს ყველაფერი ავგავო. ეს სამუშაოები მამა გიორგი ტაბაღუამ დაიწყო. მე არ მიფიქრია, თუ საბუთები არ არსებობდა,"- განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა.

"ძალიან კარგი ფაქტი არის, გალამაზდა, გველების საბუდარა იყო გარშემო. მე ვარ მოწმე, ჩემი ხელით ვლესავდი, სანამ მამა იასე მოვიდოდა, რომ სადაც გველს საბუდარა არ ჰქონდა, ყველგან კედლებში ჰქონდა გაკეთებული. 26 წელიწადია აქ ვარ, ვინ რა გააკეთა კულტურის განყოფილებიდან, კაციშვილი არავინ მოსულა,"- უთხრა "კურიერს" წმ.ბარბარეს სახელობის ტაძრის მესანთლემ თინათინ ჭუმბაძემ.

ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს, ამ წუთებში, სპეციალისტები სწავლობენ.

ექსპერტები დაზიანების ხარისხს დაადგენენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ გამორიცხავს, რომ ფაქტის გამო კონკრეტული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

როგორც ირკვევა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის საპროექტო განაცხადით სააგენტოსთვის არავის მიუმართავს, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

საუბარია მე-18-ე საუკუნის ძეგლზე - განადგურებულია წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის ისტორიული ფასადი, საფლავები და უნიკალური წარწერები.

დღის ამბები