მესტიაში მოზარდის საძიებო სამუშაოები მეხუთე დღეა გრძელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, 13 წლის ბიჭის კვალის მიგნება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. საძიებო პროცესში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.
მოზარდს მაშველები სპეციალური ტექნიკით, მათ შორის დრონების საშუალებითაც ეძებენ.
"მოვითხოვთ ვიდეო კამერებიდან ამოღებულიყო კადრები, თუ რა მანქანები გადაადგილდებოდა. ზღვის სეზონი გაიხსნა, იქნებ ბავშვმა მოინდომა და წავიდა ისე, რომ არავის არ გააგებინა. ამიტომ ვითხოვთ, რომ ბათუმში, ქობულეთში და ზოგადად ზღვისპირეთში, ამ ფაქტს დიდი ყურადღება მიაქციონ," - აცხადებს ოჯახის ახლობელი ოლეგ ფილფანი.
ძიების პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენიც. 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან შაბათს დილით ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს.