ბოლივია დღეს საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია - ქვეყანაში 400 ცხედარი აღმოაჩინეს, გარდაცვალების მიზეზი თითქმის ყველა შემთხვევაში "კოვიდ-19"-ია. გარდაცვლილებს პოულობენ საკუთარ სახლებში, ავტომობილებსა და ქუჩებში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 61,000 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა არაოფიციალური სურათი ბევრად დრამატულია.
მძიმეა მდგომარეობა ლათინური ამერიკის სხვა სახელმწიფოებშიც. ბრაზილია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ვეღარ აკონტროლებს და ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის პირასაა. კლინიკები ინფიცირებულთა მიღებაზე უარს აცხადებენ, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 41,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1,370 პაციენტი.
დელის კოშმარი - ასე მოიხსენიებს მედია ინდოეთის დედაქალაქს დღეს. ქალაქი, სადაც მაცხოვრებელთა 22 პროცენტია ინფიცირებული, მსოფლიოში პანდემიის გავრცელების ეპიცენტრად იქცა. ინდოეთის ჯანდაცვის უწყება მონაცემების ზრდას ელოდება, რადგან ქალაქში მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული.
ინდოეთსა და ბრაზილიაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად "კოვიდ-19"-ის რუქაზე პირველი ადგილი ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ამერიკაში 1,195 ინფიცირებული გარდაიცვალა, რაც ბოლო ორი კვირაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5,862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 165 ადამიანი. სომხეთში 439 ახალი შემთხვევაა. მონაცემები მზარდია უკრაინაშიც, ბოლო 24 საათში იქ ინფექცია 829 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, კორონავირუსი 200 ორსულ ქალს დაუდასტურდა, მათგან 2 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 14 731 563 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 611,284 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.