ზუგდიდის მერიაში საპროტესტო აქცია დასრულდა. ბიზნესმენ მანანა მიქავას, რომელიც ამტკიცებს, რომ მას მიწა გაყალბებული დოკუმენტების საშუალებით წაართვეს, მერი არ შეხვდა. მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ შორის, ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას ტერიტორიის წართმევაში ადანაშაულებს.
მანანა მიქავას განცხადებით, ზეგიდან აქციებს განაახლებს და თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. მერიის შენობა დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო, რადგან მიქავა და მისი მხარდამჭერები თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შენობაში შესვლის საშუალებას მხოლოდ სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ აძლევდნენ.
მერიაში კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ მიწის ფართობი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშიას ნაპირთან მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით გადაეცა და მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. ვალდებულებები ვერ შესრულდა ვერც დამატებითი ვადის მიცემის შემდეგ. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.