თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ისევ ითხოვს იმ ჩანაწერის გაცნობას, რომელიც ასახავს, თუ როგორ ათვალიერებდნენ იმ ტერიტორიას, სადაც მოგვიანებით ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.
დაზარალებული მხარე გამოძიებას არ ენდობა. ისინი დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოში.
"კომპიუტერი ადვოკატის დასწრების გარეშე გახსნეს. როგორც კი გზა გადავკეტეთ მანქანა გამოჩნდა, ახლა კი, როგორც კი ფედერალური ბიურო ჩავრთეთ საქმეში, კომპიუტერი უცბათვე გახსნეს. მივმართავ ახლა მათ, რომ გზა კიდევ გადაიკეტება, დიდი ტალღა მოვა და ეს საქმე ასე არ გაჩერდება. უკვე ყველანაირ ძალას მივმართავ, აღარ მჯერა გამოძიების,"- განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 5 დღის წინ დაკარგული გოგონას ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს. ოჯახმა მომხდარის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ გაიგო. ახლობლები ამ დროისთვის ფონიჭალაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის სახლთან არიან შეკრებილები.