18 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
"ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევარიგოთ ეს ორი გვარი" - პანკისის სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი

პანკისში, მურად ქავთარაშვილის სახლში, დილიდან ახლობლები და ნათესავები იკრიბებიან. ისინი აცხადებენ, რომ არ იციან, კონკრეტულად ვინ განახორციელა გუშინ ღამით ქავთარაშვილების სახლის მიმართულებით რამდენიმე გასროლა. პანკისის სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ ბაღაკაშვილი აცხადებს, რომ ხეობა ორი გვარის შერიგებას მუდმივად ცდილობს. მისი თქმით, ქავთარაშვილებს მუთოშვილებთან შერიგება სურთ.

"ვინ რა გააკეთა, მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევარიგოთ ეს ორი გვარი. ჩვენ ვცდილობთ, ჯგუფ-ჯგუფად, მთელი ხეობაც რამდენჯერმე ყოფილა რომ სახლში მივსულვართ, გვითხოვია, რომ ღმერთის გულისთვის, გაეთვალისწინებინათ და ეს სისხლის აღება არ მომხდარიყო. ქავთარაშვილებს უნდათ შერიგება,“ - ამბობს პანკისის სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ ბაღაკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, დაუდგენელმა პირმა სოფელ დუისში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნა. ვერსიებთან დაკავშირებით ქავთარაშვილები ამბობენ, რომ შემთხვევა შესაძლოა 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარ მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს, რომელშიც მურად ქავთარაშვილი ფიგურირებს. მაშინ 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს, ქავთარაშვილი კი დაჭრეს.

საქმეზე იმ პერიოდში არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს, თუმცა ვისო მუთოშვილის ახლობლები საქმეში ქავთარაშვილის ჩართულობაზე აქტიურად საუბრობდნენ. 

ამის შემდეგ, მუთოშვილებმა სისხლის აღებაზეც კი დაიწყეს საუბარი. პრევენციის მიზნით, მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის არა ერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. 

დღის ამბები