გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაგეგმილია ახალი დამატებითი ექსპერტიზა, რომელშიც ექიმები უნდა ჩაერთონ. აქვს თუ არა ოჯახს მათი არჩევის უფლება და რა შეიძლება გამოიკვეთოს დამატებითი ექსპერტიზებით - ამაზე "დღის კურიერის" ეთერში გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ისაუბრა.
"ექსპერტიზის გამოკვეთილმა ვითარებამ მოითხოვა ის, რომ სხადასხვა პროფილის სპეციალისტი ჩართულიყო საქმეში. ჩვენი მხრიდან ისედაც სამი ექსპერტია ჩართული, მათ შორის არის ნევროლოგიც. რაც შეეხება სამხარაულს, ის ვის შეარჩევს, ამაში ჩვენ არ ვერევით.
ჩემი მოლოდინით, ეს ექსპერტიზა არსებული ვერსიების გასამყარებლად ერთ-ერთი საყრდენი იქნება, ვინაიდან, ის 14 კითხვა, რომელიც ექსპერტიზაშია, ემსახურება იმას, რომ სხვა გარეშე ვერსიები გამოირიცხოს და პასუხებით მივიდეთ იქამდე და დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად იყო ბავშვის მიმართ ძალადობა და შემდეგ მისი მდინარე არაგვში გადაგდება.
ამიტომ, ეს ექსპერტიზა იქნება საკმარისზე მეტი საფუძველი იმისა, რომ ექვსივე მათგანს წარედგინოს ბრალი,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ამ შემთხვევაში საუბარია საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი მანქანის, "ტოიოტა ქამრის" მგზავრებზე.
მირიან ნიკოლაძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ვარაუდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას ვარაუდობს.