18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული პირი დღეს მოსამართლემ ჯერ დარბაზიდან გააძევა, შემდეგ კი პატიმრობაში დატოვა

ლერი სულაბერიძის თავდასხმის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტი მოსამართლემ მისივე სასამართლო პროცესიდან პროკურორის შეურაცხყოფისთვის გააძევა. სხდომაზე დაკავებულის გაღიზიანება ბრალდების შუამდგომლობამ გამოიწვია, სადაც საქმის პროკურორი ღლონტის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობას ასაბუთებდა.

სასამართლო სხდომა ბრალდებულის გარეშე კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა. დაცვის მხარე საქმის მასალებიდან გამომდინარე წარდგენილი ბრალდებების უსაფუძვლობაზე საუბრობდა და თავის მხრივ ადვოკატი გირაოს სანაცვლოდ ღლონტის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ის მოსამართლე ეკა კულულაშვილმა პატიმრობაში დატოვა. დაცვა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა, ეს ის ბრალდებებია, რომლითაც ახლა ირაკლი ღლონტი საპატიმროშია

სახლისკენ მიმავალ სულაბერიძეს, მისი მისამართით გასროლილი 5 ტყვიიდან, არცერთი არ მოხვდა.

დაზიანდა მხოლოდ მისი მანქანა ორი ნატყვიარით. მომხდარიდან მეორე დღესვე ირაკლი ღლონტი დააკავეს, ვინ არის ის და რა პირადი დაპირისპირება შესაძლოა ქონდეს მას სულაბერიძესთან, ამაზე ვერც ყოფილი ფეხბურთელი და ვერც მისი ოჯახი საუბრობს. 

"კურიერმა" გაარკვია, რომ ბრალდებული ირაკლი ღლონტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და ყოფილი გამომძიებელია. ის დაკავებული თანამდებობიდან 2009 წელს გაათავისუფლეს, მის დათხოვნას კავშირი ჰქონდა ნარკოტიკების საქმესთან.

ღლონტის დაკავებიდან მალევე, პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლიდან ტყვია ამოიღო. "კურიერის" ინფორმაციით, საქმის მასალებში სათვალთვალო კამერებიც დევს.

რა ეტაპზეა გამოძიება უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ალტერნატიულ გამოძიებას ახლა სულაბერიძის ადვოკატიც ატარებს და თავის მხრივ პოლიციისგან ოფიციალურ დასკვნას ელოდება.

ლერი სულაბერიძე მასზე თავდასხმის საქმეში დაზარალებულად ცნეს. ბრალდებული კი ბრალს არ აღიარებს. მისი სასამართლო სხდომა 23 სექტემბერს ჩაინიშნა.

დღის ამბები