თბილისში, ჩარგლის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივი მცხოვრებლები ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპროტესტებენ. ამხანაგობის წევრების თქმით, მშენებლობა გამოიწვევს საპარკინგე ადგილის, მწვანე საფარისა და თავისუფალი სივრცის განადგურებას.
მათივე თქმით, კორპუსი მზის ენერგიის მიწოდებასაც პრობლემას შეუქმნის. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩარგლის ქუჩის მცხოვრებლებმა მერიაში და პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანეს.
მერიის განმარტებით, ჩარგლის ქუჩა 79-ში მრავალბინიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეთანხმდა 2014 წლის 2 სექტემბერს. მშენებლობის ნებართვა კი 2019 წლის 10 დეკემბერს გაიცა.
"ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციეს, ააშენეს უკვე 5 კორპუსი, რის გამოც აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, აღარ მოგვეწოდება მზის შუქი. ამის გამო მივმართეთ ჩვენ ქალაქი მერიას, მანამდეც, სანამ ეს მშენებლობა დაიწყებოდა,“ - ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე, თეიმურაზ ცერცვაძე.