26 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - მთიანი ყარაბაღის ე.წ ხელმძღვანელებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს - სამხედრო შეტაკებები გრძელდება

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აქტიურად გრძელდება სამხედრო შეტაკებები. არის მსხვერპლი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადადის, პაშინიანი მოსახლეობას სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ მოუწოდებს.

ოფიციალური ერევანი იუწყება, რომ მათ ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, მხარეებს შორის დაპირისპირებაში ჩართულია მძიმე ტექნიკა და არტილერია.

აზერბაიჯანი კონფლიქტის მიზეზად ერევნის დესტრუქციულ ქმედებებს ასახელებს. ილჰამ ალიევის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთი განაგრძობს ინტენსიურ იერიშს ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ.

ვრცელდება ცნობა დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებაც, თუმცა ინფორმაცია, ჯერჯერობით, დასაზუსტებელია.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, "სომხეთის მხრიდან შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიმდინარეობს ადეკვატური ზომების მიღება".

საპირისპიროს ამტკიცებს სომხეთი და ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აზერბაიჯანმა დაარღვია, რომელმაც გასული რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლი მინიმუმ 40-ჯერ გახსნა. სწორედ ამიტო,მ ოფიციალური ერევანის განცხადებით, საჭირო გახდა თავდაცვითი ზომების მიღება, რომლის შედეგადაც ჩამოგდებულია მოწინააღმდეგის 2 ვერტმფრენი, განადგურებულია 3 ტანკი და 14 უპილოტო საფრენი აპარატი.

სომხეთი, ასევე, აცხადებს, რომ დილიდან სამხედრო ნაწილებთან მოხალისეების რიგი არ წყდება და კონფლიქტის ზონაში გამგზავრების სურვილი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

პარალელურად, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მთიანი ყარაბაღის ე.წ ხელმძღვანელებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

უკანასკნელი დაპირისპირება სომხეთ - აზერბაიჯანს შორის თოვუზის რაიონში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მხარეებმა ერთმანეთის მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღი და სნაიპერული შაშხანა გამოიყენეს. მანამდე გაცილებით მძიმე შეტაკებები 12 ივლისს განახლდა. მხარეებს შორის შეტაკებები თითქმის 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში 38 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.

დღის ამბები