19 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
მუდმივად გვახსენებდა, რომ ჩვენი ცოცხლად გადარჩენისთვის აუცილებელი იყო მისთვის ფული გადაეცათ - ყოფილი მძევალი შემთხვევის დეტალებს იხსენებს

ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მომხდარი ინციდენტისას თავდამსხმელს მძევლად ჰყავდა აყვანილი, "კურიერთან" მომხდარის დეტალები გაიხსენა. 

კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელი ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებდა და ზომიერად აგრესიული იყო, თუმცა, მუდმივად აფრთხილებდა მძევლებს, რომ მათი გათავისუფლების ერთადერთი შანსი ფულის მიღება იყო.

"მოხდა გასროლა გარეთ. გავიხედე და დავინახე, რომ შემოვარდა შეიარაღებული ადამიანი, რომელსაც ხელში ეჭირა ხელყუმბარა. შემოსვლისთანავე მან დამცავი მოხსნა და საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. ყვიროდა, რაღაცებს ფეხი მიარტყა და დაამტვრია. შემდეგ დაინახა, რომ ვიღაც გარედან კამერით უღებდა, რომელსაც უთხრა, რომ მიატოვეო. ჯერ ანიშნა, როცა იმან მაინც გააგრძელა, ორი ტყვია მისი მიმართულებით ისროლა, თუმცა, როგორც შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ და ვკითხეთ, ხომ არ დაჭერიო, გვითხრა, ისე არ მისვრია, რომ მოხვედროდაო. არავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რაღაცები დაამტვრია - ეს იყო და ეს. იყო იმდენად აგრესიული, რამდენადაც მას ეს სჭირდებოდა, არც მეტი არც ნაკლები. შემოსვლისას იყო ძალიან აგრესიული იმისთვის, რომ ყველას შეშინებოდა და შემდეგ იყო ნორმალურ ურთიერთობაში, თუმცა მუდმივად გვახსენებდა, რომ იმისთვის, რომ ცოცხლები დავრჩენილიყავით, აუცილებელი იყო მისთვის ფული გადაეცათ. რისკჯგუფის ხალხი თავიდანვე გაათავისუფლა, ხანდაზმულები და ვინც უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო და ეტყობოდა, ისინიც გაუშვა,"- იხსენებს ირაკლი კვარაცხელია. 

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები