17 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ იქნება საუბარი

დღეს NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ საუბარი იქნება ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩაივლის. სიტყვით გამოვა საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ერთი დღით ადრე კი სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის NATO უფრო მეტად გლობალური უნდა გახდეს და ამ სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობაც. მანამდე კი NATO-მ ოფიციალურ გვერდზე ალიანსის მომდევნო ათი წლის სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ასევე არის საუბარი საქართველოზე

"ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსად, მაგრამ გვჭირდება გლობალური მიდგომა, რადგან ბევრი გამოწვევა, რომელთა წინაშეც ვდგავართ არის გლობალური.

როგორც იცით, შავ ზღვის რეგიონის სამი ქვეყანა ნატოს წევრია, საქართველო და უკრაინა კი პარტნიორები. ნატო აცნობიერებს მდგრადობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას. ჩვენ ვაძლიერებთ შესაძლებლობებს, მათ შორის სატელეკომუნიკაციო ქსელების, ჯანდაცვისა და საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა სფეროების დაცვას.

ნატო განაგრძობს ადაპტაციას და ინფრასტრუქტურის დაცვა იქნება ამ ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილი. ცხადია, ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ პარტნიორებთან – საქართველოსა და უკრაინასთან მუშაობის მნიშვნელობა, იქნება ჩემი წინადადების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს წარვუდგენ," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების შესახებაა საუბარი NATO-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტშიც.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ მინისტერიალის იმ ნაწილში, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს ყურადღება ძირითადად 3 მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდება.

"პირველ, რაც მინდა გითხრათ არის შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემატიკა, მეორე არის რეგიონული უსაფრთხოება და მესამე საქართველოს ნატოში გაწევრიანება," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დღის ამბები