ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორდღიან მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველო და მასთან პარტნიორობის გამყარება იყო.
მინისტერიალზე საქართველოს არსებითი პაკეტი განახლდა და გაძლიერდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველო ნატოს წევრობას მიუახლოვდა.
"ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის, უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში.
ასევე, რაც პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი თავდაცვისა და სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერება და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს თავსებადობას ნატო-სთან.
გუშინდელ შეხვედრაზე ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი", – განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ში, ონლაინ რეჟიმში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი. ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგიაც. მინისტერიალის მიმდინარეობისას ფაქტს ნატო-ს გენერალური მდივნანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას.