"ცენტრალური საარჩევნო კომისიის"თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიღების შემდეგ ადმინისტრაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.
მისი შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები, რომელიც მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, ცესკომ წარმატებით ჩაატარა.
"ეს იყო ყველაზე რთული არჩევნები, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციას დაუორგანიზებია და ჩაუტარებია. ეს იყო განპირობებული, პირველ რიგში, იმ ძალიან სერიოზული გამოწვევებით, რომელიც უკავშირდება პანდემიას. ცხადია, არის შენიშვნები, რეკომენდაციები, მაგრამ ეს რეკომენდაციები ყოველთვის იყო, ყოველთვის იყო ეს გარკვეული ხარვეზები და ხარვეზებიდან გამომდინარე რეკომენდაციები იმისთვის არის, რომ შემდგომში, მომავალში უნდა გაუმჯობესდეს.
მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადმინისტრატორს, რომლებმაც შეძლეს, პოლიტიკური წნეხის და ზეწოლის პირობებში დარჩნენ ბოლომდე ინსტიტუციურად ძლიერი ადმინისტრაცია, მათ თავიანთი საქმე გააკეთეს. ეს არის ჩვენი მესიჯი ნებისმიერი საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, რომ ვერც ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა მოთხოვნამ და სურვილმა ვერ უნდა შეძლოს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის გატეხვა. მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანი, ყველა ოლქი, ყველა უბანი, ცესკო დარჩა ბოლომდე ძლიერი, გაუტეხელი და ჩვენ ჩვენი საქმე შევასრულეთ,"-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღეს.
იქამდე, სხდომა პროტესტის ნიშნად ოპოზიციის ოთხმა წარმომადგენელმა დატოვა.
ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობის აქტივისტებმა პროტესტი სხდომის გარეთ, ცესკოს შენობასთან გამოხატეს. მოძრაობა "შეცვალეს" და "გაბედეს" წევრებმა საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან ფოტოები და თამარ ჟვანიას მანეკენი მიიტანეს. მათი განცხადებით, ამ ფორმით ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.