17 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია - მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის 

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები ცნობილია. მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის.

შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საბოლოოდ შეაჯამა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის პირველი სხდომა, მაქსიმუმ, ათ დღეში უნდა გაიმართოს.

ყველაზე მეტი: 90 მანდატი აქვს "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" კი - 36. დანარჩენი პარტიების მანდატები ერთნიშნაა და ახალ პარლამენტში 5-დან ერთ ადგილამდე შემოიფარგლება.
9 სუბიექტიდან ახალ პარლამენტში 6 ახალია, 5 კი პირველად მიიღებს იმუნიტეტს და დეპუტატის მანდატს.

ცესკოს სხდომას, სადაც არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღეს, ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, იქამდე კი ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიას მიმართეს და არჩევნების გაყალბებაში ბრალი დასდეს.

თავად თამარ ჟვანიამ პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, რომლებიც მისი თქმით, პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად არ გატყდნენ.

"დღეს, ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები, მათი თვალთახედვით, გაყალბებულია მანამ, სანამ სასურველი შედეგები არ დადგება. ეს ასე ვერ იქნება,"-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობის აქტივისტებმა პროტესტი სხდომის გარეთ, ცესკოს შენობასთან გამოხატეს. მოძრაობა "შეცვალეს" და "გაბედეს" წევრებმა საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან მიიტანეს ფოტოები, თამარ ჟვანიას მანეკენი და კვერცხები, რომელზედ დეპუტატების სახელები ეწერა. მათ თამარ ჟვანიას მანეკენი დემონსტრაციულად დაწვეს. აქტივისტები შენობაში შესვლასა და თამარ ჟვანიასთვის კარტოფილის გადაცემას ითხოვდნენ, რაც, მათი თქმით, გაყალბებული არჩევნების სიმბოლოა. სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. 

დღის ამბები