17 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
"არ ვაპირებ, ეკლესიის პოზიციები პოლიტიკური მიზნებისა და გარემოებებისთვის გამოვიყენო" - ირაკლი ფავლენიშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაზე დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ პატრიარქის გზავნილები და მოწოდება მნიშვნელოვანია, თუმცა როგორ მოხდება მისი აღსრულება, ხელისუფლების ოპონენტებს პასუხი არ აქვს.

მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას ხალხის ნების გაგება არ სურს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, ის ეკლესიის პოზიციებს პოლიტიკური მისნებისთვის არ იყენებს.

"მე არ ვაპირებ, ეკლესიის პოზიციები გამოვიყენო პოლიტიკური მიზნებისა და გარემოებებისთვის. ლეგიტიმური არ არის თვითონ არჩევნები, სადაც ჩვენი მომხრეების უდიდეს ნაწილს წაართვეს პირადობები/პასპორტები. ჩამოიყვანეს მალკევიჩი - ადამიანი, რომელიც დასავლური სამყაროს მიერ იძებნება ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაში არჩევნებში ჩარევის გამო და ამ ადამიანს მისცეს აკრედიტაცია. ძალიან ბევრი დარღვევით ჩაატარეს არჩევნები, რაც ამ არჩევნებს ხდის არალეგიტიმურს. ამიტომ, თუ რაიმე არალეგიტიმურია, არის ეს პარლამენტი და "ოცნების" პოლიტიკა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესის დასრულებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამოეხმაურა. "დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას", - აღნიშნავს პატრიარქი.

დღის ამბები