მოლაპარაკების მესამე რაუნდისა და შეთანხმებისთვის ოპოზიციას და ხელისუფლებას ზუსტად 5 დღე აქვს. ვინ შედის პარლამენტში უნდა გაირკვეს პირველ სხდომამდე, რომელიც სავარაუდოდ 11 დეკემბერს ჩაინიშნება. იქამდე რამდენიმე დღიანი მწვავე კამათისა და დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიცია მოთხოვნების საერთო პაკეტზე შეჯერდა.
რამდენად გახდება დოკუმენტი შეთანხმების საგანი საუბარი ექსპერტებს უჭირთ. პოლიტოლოგების შეფასებით, მდგომარეობა ჩიხურია, იმისთვის კი რომ ქვეყნის ინტერესი არ დაზიანდეს დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს.
შესაძლებლობას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან პლებისციტის ჩატარება განიხილონ, გია ნოდია პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შანსად განიხილავს.
დავით ზურაბიშვილის აზრით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ყველაზე მეტად პატარა პარტიები დაზარალდებიან. დ პოლიტოლოგი თვლის რომ ოპოზიციამ ბოიკოტის გამოცხადება იჩქარა და ახლა საკუთარი პოზიციის გადათქმა პოლიტიკურად წამგებიანი იქნება.
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მოცემულ ვითარებაში ბოიკოტი ყველაზე მეტად "ევროპული საქართველოსთვის" არის მომგებიანი, ამიტომ პარტიიდან მეტ რადიკალიზმს ელოდება.