კორონაკრიზისის ფონზე, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ისევ დაძაბულია. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დიალოგის მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. რა შეიძლება გახდეს კომპრომისის თემა, უმრავლესობა ისევ ამბობს, რომ არ განიხილავს განმეორებით არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს.
ოპოზიცია კი, რომელმაც 3-პუნქტიანი შეთავაზება შეიმუშავა, ახლა შემხვედრ ნაბიჯებს უმრავლესობისგან ელოდება. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, ახლა ყველაფერი სწორედ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული.
"ბევრი ნიუანსია იმ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, აქვს ხელისუფლებას ლავირების საშუალება, მივეცით იმისთვის, რომ მეტი სივრცე ჰქონოდა გადაწყვეტილების მისაღებად და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მათზე. თუ მათთვის ახლა წითელი ხაზები გადის სადღაც, ჩვენთვისაც გადის ეს წითელი ხაზები, იმიტომ რომ ჩვენს უკან არის ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ითხოვს იმ ხმების დაბრუნებას, რომელიც მათ მოპარეს ამ არჩევნებზე და ამ ხმების დაბრუნების ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისგან შეთავაზებათა პაკეტის მოლოდინში არიან.
"როგორც ჩვენ გადავეცით ფასილიტატორების დახმარებით, ასეთივე პაკეტს ველოდებით ხელისუფლებისგან. თუ არჩევნებს და ძირითად პრინციპულ საკითხებს არ ეხება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩიხში შევა მოლაპარაკებები, იმიტომ რომ არის რაღაც პრინციპული საკითხები, რომელთა გადაწყვეტის გზებიც შევთავაზეთ ხელისუფლებას,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ შეთანხება უნდა მოხდეს საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე და იმ მოთხოვნებზე, რაც ოპოზიციას აქვს წარდგენილი.
"თუ მათ ექნებათ ის პოზიცია, რასაც საჯაროდ აცხადებენ, ასე შეთანხმება ვერ შედგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საარჩევნო სისტემა იყოს რეფორმირებული, იმიტომ რომ საარჩევნო სისტემის გარეშე და სამართლიანი არჩევნების გარეშე არც ვადამდელ არჩევნებს აქვს აზრი, არც ხელახალ არჩევნებს და არაფერს აზრი არ აქვს,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.