17 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე საქართველოში არჩევნების თემას განიხილავენ - ჩანიშნულ სხდომას ოპოზიციაში ეხმაურებიან

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სიტუაციას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. სხდომას პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი გაუძღვება. ჩანიშნულ სხდომას გამოხმაურებები უკვე მოჰყვა საქართველოში. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნები ფაქტობრივად არ ჩატარებულა და ამის შესახებ მინისტერიალი დიპლომატიური ენით მინიშნებებს აუცილებლად გააკეთებს:

"ჩემი აზრით, საზოგადოება რას ფიქრობს, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არ ნიშნავს რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრი არის უმნიშვნელო. საზოგადოება, ზუსტად ვიცი, არის იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც არიან ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებიც, ის რომ 31 ოქტომბერს არჩევნები, სამწუხაროდ, არ ჩატარდა, არც თავისუფალი და არც სამართლიან გარემოში," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია.

ქართველი ხალხის განწყობაზე აკეთებს აქცენტს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავაც. მისი თქმით, სწორედ ქართული საზოგადოება საზღვრავს იმას, ჩატარდა თუ არა არჩევნები სამართლიანად.

"ვნახოთ რა იქნება მათი პოზიცია, ბუნებრივია იქნება დიპლომატიური და ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ჯოხებს დააძრობენ და დაგვერევიან. ფრთხილად და დიპლომატიურად იტყვიან თავის სათქმელს, მაგრამ ერთი ვიცი ზუსტად, ევროპა, დასავლეთი მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს, საქართველოში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა. არჩევნების სამართლიანობას საზღვრავს ქართველი ხალხი და საზოგადოება. ქართველი ხალხის განწყობა კი ასეთია, რომ ამ პარლამენტს არ ცნობს, როგორც ლეგიტიმურ ორგანოს," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ უმრავლესობაში. "ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის პოზიცია ნათელია, ისინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად ცნობენ და ოპოზიციას და მმართველ გუნდს პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანისკენ მოუწოდებენ:

"საქართველოს საკითხი როდესაც ხვდება ევროკავშირის დღის წესრიგში ეს აპრიორი ძალიან კარგია. ევროკავშირის მათი ელჩის, ერთეულ და თითოეული სახელმწიფოს პოზიცია ჩვენ ვიცით საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ისინი ლეგიტიმურად ცნობენ მას და რაც მთავარია მოუწოდებენ ოპოზიციას და რა თქმა უნდა ჩვენც, რომ აუცილებლად  მივაღწიოთ კონსენსუსს და პროცესები გადავიტანოთ საპარლამენტო ცხოვრებაში," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები