საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო ფასილიტატორი ელჩები ესწრებიან.
შეხვედრაზე იმყოფება "ქართული ოცნების" მხრიდან პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" მნიშვნელოვანი რაღაცეები უნდა დათმოს.
"ქართულმა ოცნებამ" მნიშვნელოვანი რაღაცეები უნდა დათმოს, მაშინ მოლაპარაკებას საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ ტყუილა, არც "ქართული ოცნება" და არც ელჩები. იმედი მაქვს რომ შეთანხმებამდე მივალთ," - აღნიშნა ელისაშვილმა.
"ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრაზე. ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ადრეა. ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება. იმედია, ამის ილუზია არავის აქვს," - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნების გარეშე პარლამენტი არ იქნება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ოპოზიცია ხელისუფლებას 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს.