ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გუშინ განიხილეს. ევროპარლამენტარები ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ ღიად მოუწოდებენ.
პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტში შესვლას "ნაციონალურ მოძრაობაში" გამორიცხავენ. ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში მსგავსი ფორმით ჩარევისგან თავი შეიკავონ.
ევროპარლამენტარების გზავნილები განსხვავებულად აღიქვეს "სტრატეგია აღმაშენებელის", "ევროპული საქართველოსა" და "ლელოს" ლიდერებმა. ისინი პარტნიორებს ეთანხმებიან იმაში, რომ ბოიკოტის მსგავსი ფორმა პროცესში მონაწილე ორივე მხარეს აზარალებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ ფასილიტატორებთან მოლაპარაკებების დასრულებამდე გამორიცხული არაა კონსენსუსი მართლაც შედგეს. მსგავს შემთხვევაში საპარლამენტო მანდატების შენარჩუნებას არ გამორიცხავს გიორგი ვაშაძე.
"მოქალაქეების" ლიდერი ფასილიტატორებთან მოლაპარაკებების რაუნდების დასრულებამდე არც საპარლამენტო მანდატის გაუქმების მოთხოვნას აპირებს და არც პარტიული სიის ანულირებას გეგმავს. დიალოგის სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში კი ალეკო ელისაშვილი მზადაა საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთოს.