აშშ-ის სენატმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტს 84-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 13 სენატორი წინააღმდეგ წავიდა.
თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში საუბარია საქართველოზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს
"ყურადღება და შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რესურსები მიმართოს, ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით,"- ნათქვამია დოკუმენტში.
აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა 740 მილიარდს აღემატება. ამ თანხიდან 69 მილიარდი საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი. საკანონმდებლო პროცედურის შემდეგ ეტაპზე კანონი აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.