"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ISFED, რომელმაც არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებული ვერსია გუშინ გამოაქვეყნა, ბიძინა ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მათთვის მუშაობენ, ვინც მეტს გადაიხდის.
"ISFED-ი ისევეა ბიძინას და ჟვანიას კონტროლის ქვეშ, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია. ის ისევეა მოსყიდული, დაბულინგებული და მართვადი როგორც დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს ჩათვლით. ამიტომ, დაანებონ თავი უაზრო და უკბილო თავის მართლებებს, მათ საკუთარი კარიერა დაამთავრეს ამ ფორმით, აღნიშნული ორგანიზაციის შენარჩუნება დაუშვებელია.
ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მამის გაკეთებულია ყველა. ესენი სხედან გრანტზე და გრანტის მიმცემი რასაც უბრძანებს, ან უფრო მეტ ფულს სადაც გადაუხდიან, იმის მიხედვით მუშაობენ,"-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებული ვარიანტი ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე მონაცემები დააკორექტირა.
საბოლოო სურათით, მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. პარალელური დათვლით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6% გახდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" 48.2% მიიღო. ერთი პროცენტით გაიზარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშიას რეიტინგი და 27.4% გახდა. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად კი, ამ პოლიტიკურმა ძალამ 27.18% მიიღო. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემები მცირედით - 0.1% გაზრდილია.