17 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
კითხვები რჩება და იმედია ორგანიზაციის წარმომადგენელები ამომწურავ პასუხებს გასცემენ - ომბუდსმენი ISFED-ის განცხადებაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებული ვარიანტის გამოქვეყნებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას მოუწოდა საკითხები მნიშვნელობის და არა სიახლეების მიხედვით დაალაგონ.

როგორც ლომჯარია წერს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშვნელოვანი დისბალანსი, დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრები და ე.წ. კარუსელები.

"მოდით, საკითხები მნიშვნელობის მიხედვით დავალაგოთ და არა სიახლეების:

1. ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშვნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს ის ვალდებულება, რის შესრულებასაც კანონი ავალდებულებთ;

2. არჩევნების დღეს იდენტიფიცირებულ პრობლემებს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვები რომ მოჰყოლოდა, დღეს ჩვენი დემოკრატია სულ სხვა დონეზე იქნებოდა! მძიმეა ფიქრი იმაზე, სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან, რამდენი წელი დავკარგეთ, სანამ იმას მივაღწევთ, რაც აქვე იყო და შესაძლებელი იყო.

3. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-მა PVT-ს ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ, არჩევნების შედეგების გამოცხადების ნაწილში დაუშვა შეცდომა. ისფედი ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამ ფაქტით ამდენი იმედგაცრიუებული ადამიანი. თუმცა, ორგანიზაციამ იზრუნა იმაზე, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა;

4. კითხვები რჩება და იმედია, ამ შეკითხვებს ორგანიზაციის წარმომადგენელი პირები ამომწურავ პასუხებს გასცემენ.

5. და ბოლოს, მინდა მივმართო ისფედის წევრებს, თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე კეთილსინდისიერი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები. თქვენ არ დაგიზოგავთ თავი საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშნელოვან როლს ასრულებთ. მინდა იყოთ მხნედ და საკუთარ თავში რწმენით გააგრძელოთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეების კეთება!,"-წერს ლომჯარია.

დღის ამბები