საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დეპუტატებს ხელისუფლება პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ 2-3 მილიონ დოლარს სთავაზობდა. მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლებს პარლამენტში არ შესვლის გამო მადლობას უხდის.
"ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ნახევარ საათიანი ჩართვისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში ამჟამად ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა მიმდინარეობს და ის ბოლომდე უნდა მიიყვანონ.
"მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, სინამდვილეში, გამარჯვებული კოალიციის თითოეულ წევრს, რომელიც არ შევიდა ბუტკაში, ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ უკანონო პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, ეს უკანონო ორგანოა, იმის ფონზე, რომ ვინც თვითონ დეპუტატად გამოაცხადეს, სთავაზობდნენ 2-დან 3 მილიონ დოლარამდე თანხას ივანიშვილის შიკრიკები, ეს აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, მე არასოდეს არ ვჭორაობ. ამ ადამიანების უმრავლესობა ხელმოკლეა, ესენი მილიონერები არ არიან და მათთვის ის ხელფასი ძალიან დიდია ამ პერიოდში, თუმცა ზუსტად ამ ხალხმა გადაწყვიტა ქართველი ხალხის გვერდით დამდგარიყო, ეს სამოქალაქო გმირობაა. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი არ არის ის ყოვლისშემძლე, რომელიც ყველაფერს იყიდის ფულით, არიან ადამიანები ვინც არ იყიდებიან," - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.