საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მე-6 სხდომა დღეს დისტანციურად გაიმართება - ინფორმაციას საქართველოს საგარეო სამინისტრო ავრცელებს.
სხდომას საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარუძღვება.
განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოში ასოცირების დღის წესრიგით სხვადასხვა სფეროში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტის, კავშირების, ენერგეტიკის და განათლების სფეროებში.
"2020 წლის 15 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მეექვსე სხდომა დისტანციურად გაიმართება.
სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარუძღვება. საქართველოს დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი უხელმძღვანელებს. სხდომაში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროკომისია და საქართველოს სამთავრობო უწყებები მიიღებენ მონაწილეობას.
ასოცირების კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც განიხილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის მიმდინარეობა.
ამ კონტექსტში განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოში ასოცირების დღის წესრიგით სხვადასხვა სფეროში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტის, კავშირების, ენერგეტიკის და განათლების სფეროებში.
კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა.
შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხება Covid-19 პანდემიასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების პროცესში თანამშრომლობას და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დახმარებას.
მხარეები ასევე ისაუბრებენ 2021 წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე,რომელმაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ახალი მიზნები უნდა განსაზღვროს," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.