17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
"პირობა რომ გვქონდეს მიღებული "ოცნებისგან", სათითაოდ, ყველა იმ 56 დეპუტატს დაველაპარაკებოდი" - რა პირობით შევა "გირჩი" პარლამენტში

რა პირობით შევა "გირჩი" პარლამენტში - ამ თემაზე "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალ საარჩევნო პირობებში სრული პროპორციული არჩევნების გარანტია არსებობდეს და სწორედ ეს წარმოადგენს პარლამენტში შესვლის პირობასაც. თუმცა, როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, არც "ქართული ოცნებისგან" არაა მიღებული პირობების შესრულებს მკაფიო გზავნილი:

"ის ერთიანობა, რომელიც ჩვენ გარდავსახეთ ბოიკოტში, უნდა დასრულდეს რეალური შედეგით, რეალური შედეგი კი ის იქნება, რაც გასაგები იქნება ჩვენი ამომრჩევლისთვის. გასაგები კი იქნება ის, რომ ეს ალტერნატივა ბევრად უკეთესია. მაგალითად ჩემთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ღიად ვამბობ რომ ბევრად უკეთესია, ახალ საარჩევნო პირობებში სრული პროპორციული არჩევნების გარანტია გვქონდეს, როგორც ადგილობრივ, ისე პარლამენტის დონეზე, ყოველ შემდგომ არჩევნებში, ვიდრე ახლა დღევანდელი წესებით და ადმინისტრაციით, 30 მაჟორიტარი დეპუტატით ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები. დღესვე ღიად ვიძახი, რომ ჩვენ გვინდა ამ პირობის მიღება "ქართული ოცნებისგან". ჩვენ ეს პირობა რომ გვქონდეს მიღებული "ქართული ოცნებისგან", სათითაოდ, ყველა იმ 56 დეპუტატს დაველაპარაკებოდი, რომ თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ უარს ამბობთ ასეთი ძალაუფლების გამორთმევაზე. ყველას მოუწევდა ამის გააზრება და აღება. დღეს "ქართული ოცნებისგანაც" არ გვაქვს ნათელი წინადადება, შესაბამისად, ის მოლაპარაკება რაც მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად გასაჯაროვდეს და ამ გასაჯაროებით მიღწეული იყოს შესაძლებლობა, რომ თითოეულმა პარტიამ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია.

ახლა, რაღაცნაირად, ყველანი ერთად ვართ და თუ დაშლილები ვართ, ამ შემთხვევაში ითვლება, რომ ოპოზიცია დასუსტდა და ეს ასე არაა," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ კრიზისის მოსაგვარებლად აუცილებელია დიალოგის გაგრძელება და პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირება.

დღის ამბები