17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ოპოზიციაში არანაირი გეგმა არ არსებობს - ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციის 4 პირობიდან რაზე შეიძლება დათანხმდეს ხელისუფლება - ამასთან დაკავშირებით პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"რიგგარეშე არჩევნებზე წითელ ხაზს თვითონ გადააბიჯეს და გარკვეული დათქმებით მზად არიან, რომ ეს წითელი ხაზი გადალახონ და შეგვიძლია, ჩვენი კონტრდათქმა ვუთხრათ.

პოლიტპატიმრებზე ვერ ვილაპარაკებ ცოცხალი თავით, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო და მინდა ყველას ვუთხრა, ძალიან უმსგავსოდ მლანძღავდნენ, რომ ელისაშვილს უნდა პოლიტპატიმრების იქ დატოვება. პირიქით, მოლაპარაკების პროცესი რომ არ მიდიოდეს არც ისინი იქნებოდნენ გამოშვებულები, თუ ვინმეს უნდა რომ დანარჩენებიც გამოვიდნენ, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.

ერთი კვირა ჯოჯოხეთში ვიცხოვრეთ, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ საქართველოსთვის, ახლა არის ისტორიული მომენტი, ერთ თვეში რომ დაგვინიშნონ რიგგარეშე არჩევნები და ისევ თამარ ჟვანიამ ჩაგვიტაროს უნდა გავიდეთ? - არა. ხოდა რატო ცანცარებთ? ამიტომ ვთქვი იმ ჩემ ლაივში ამოტრიალებული კამერით რომ დავიწყე,"- განაცხად ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძეს მოლაპარაკებებზე კონსტრუქციული და საქმიანი პოზიციები ჰქონდა და ის ფიქრობს, რომ ვაშაძე თავის პარტიაში წინააღმდეგობას ხვდებოდა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციაში საერთო გეგმა არ იყო. ისინი ოპოზიციის შეკრებებზე ითხოვდნენ პასუხს თუ რა სამომავლო სტრატეგია არსებობდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს:

"თუ არ დანიშნეს არჩევნები და ერთპარტიულმა პარლამენტმა გააგრძელა მუშაობა მერე რას ვშვებით? გვითხარით გეგმა, გვითხარით სტრატეგია, გამოგყვებით, გვითხარით რაში გამოგყვეთ. გვითხრეს, რომ გაზაფხულზე მღელვარება იქნება და რაღაც იქნება. არაფერი გეგმა არ არსებობს. არანაირი გეგმა არ აქვთ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები