გიორგი რურუას ცემის საქმეზე ციხის 2 მაღალჩინოსანი დააკავეს, ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
"იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. დააკავა.
გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 2020 წლის 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
შესაბამისად, 2020 წლის 16 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები: შ. მ. და ლ. გ.
აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
საქმეზე გრძელდება გამოძიება,"- აღნიშნულია განცხადებაში.