უკვე მეორედ მოლაპარაკების მცდელობის პროცესში მმართველი პარტია ოპოზიციას ულტიმატუმს უყენებს. "ქართული ოცნება" არ მალავს, რომ დღეს გაჟღერებული ორი ახალი ინიციატივა ოპოზიციის პარლამენტში შეყვანის მცდელობაა. ფაქტს ოპონენტებმა უკვე უწოდეს მუქარა და შანტაჟი.
მმართველი გუნდის ინიციატივით, პარტიებს საპარლამენტო მანდატებთან ერთად სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროითაც. კანონპროექტების მიღების შემდეგ კი პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლისთვის კონკრეტული დრო მიეცემათ.
ისინი, ვისაც უმრავლესობის ლიდერმა 10 დღიანი ვადა მისცა, გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ. კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივას პოლიტიკურ შანტაჟად აღიქვამენ და ამბობენ, რომ ამან ჩიხში შესული მოლაპარაკებების პერსპექტივა მეტად ბუნდოვანი გახადა.
ოცნების რიტორიკა მუქარად აღიქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მათი შეფასებით, ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში.