პარტიების დაფინანსების წესის შესაცვლელად "ქართული ოცნების" კანონპროექტი პარლამენტში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის სუბიექტები, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაზე უარს იტყვიან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარტიების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"საქართველოს კონსტიტუციით დამტკიცებულია დემოკრატიის პრინციპი, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამისმა საარჩევნო პოლიტიკურმა სუბიექტმა გაატაროს ხალხის ნება და ეს უნდა განხორციელდეს სწორედ მათ მიერ არჩეული შესაბამისი პირების მეშვეობით. ვინაიდან, ეს პრინციპი უზრუნველყოფს, რომ სწორედ ამ ფორმით ხორციელდება ხალხის ნება და სწორედ იმის გამო ანიჭებს კონკრეტული მოქალაქე კონკრეტულ პარტიას შესაბამის მანდატს, რომ მათი ნება განხორციელდეს და მოვიდეს სისრულეში, სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ბიუჯეტიდან შესაბამისი პარტიის დაფინანსება, რომ ხალხმა, ვისაც მისცა ხმა, მისი ნება განახორციელოს პრაქტიკაში და აქედან გამომდინარე, მას მიანიჭა უფლება მიიღოს დაფინანსება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეწევა როგორც მათი წარმომადგენლობის, ასევე, პარლამენტის საბოტაჟს, ის უგულებელყოფს ხალხის ნების განხორციელებას და დაფინანსების მიზნობრიობა არის კონტრპროდუქტიული,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტის სხდომას არასაპატიო მიზეზით გააცდენენ, ხელფასს არ უნდა იღებდნენ.
"ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიცია მუქარას და შანტაჟს უწოდებს.