"ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც იმ პარტიებისთვის, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებაზე უარს იტყვიან, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს, ოპოზიცია მუქარას და შანტაჟს უწოდებს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძის თქმით, ეს კანონპროექტი "ქართული ოცნების" მხრიდან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისკენაა მიმართული.
"ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება არ შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ერთადერთი, რაც "ქართულ ოცნებას" ადარდებს, არის საკუთარი კეთილდღეობისათვის თბილი სკამების შენარჩუნება - ამისკენაა მხოლოდ ეს კანონპროექტი მიმართული. არ არგებს ეს არც ქვეყანას, არც "ქართულ ოცნებას", მათ ეს არ ესმით,"- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
"ლელოს" ერთ-ერთი წევრის საბა ბუაძის თქმით, ამ ინიციატივით "ქართული ოცნება" ოპოზიციას ავიწროებს.
"ამომრჩევლის ხმებთან ერთად, "ქართულმა ოცნებამ" საბიუჯეტო რესურსებიც მიიტაცა და უკვე გადასულია პოლიტიკური პარტიების შევიწროებაზე და ცდილობს, ოპოზიციურ პარტიებს შეუზღუდოს ის ერთადერთი ფინანსური რესურსი, რომელიც პარტიებს სჭირდებათ არსებობისთვის. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური შანტაჟის მორიგი ხერხი, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს შემოუბრუნდება ძალიან ცუდად,"- განაცხადა საბა ბუაძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, ეს არის მუქარა "ქართული ოცნების" მხრიდან იმის მისაღწევად, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევიდნენ. მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ შეცვლის.
შეგახსენებთ, პარტიების დაფინანსების წესის შესაცვლელად "ქართული ოცნების" კანონპროექტი პარლამენტში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის სუბიექტები, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაზე უარს იტყვიან.